სტუმართმოყვარე კორიდორის მოწყობის 4 რჩევა
კორიდორის მოპირკეთება ერთ-ერთი ყველაზე სუსტი წერტილია სასტუმროში.
ხშირად მის კეთილმოწყობას არასაკმარის ყურადღებას უთმობენ და შედეგად ვიღებთ გრძელ კორიდორებს იატაკზე საეჭვო ლაქებითა და დაკაწრული კედლებით, რომელსაც კარგი განათება კიდევ უფრო თვალში საცემს ხდის – ვიზიტორები ხშირად გაუაზრებლად აზიანებენ კედლების ზედაპირს ჩემოდნების მიჯახუნებით, ხოლო არასწორად შერჩეული იატაკი იწვევს ხმაურსა და უწესრიგობის განცდას. ჩვენი რჩევები კმაყოფილი სტუმრებისა და სტუმართმოყვარეობის გაზრდას ემსახურება:
კედელი: სარემონტო სამუშაოების გამარტივების ორი გზა არსებობს:
- გამყოფი მოლდინგის გამოყენებით გავყოთ და სხვადასხვა ფერად შევღებოთ კედლის ზედა და ქვედა ნაწილები. ეს მეთოდი 50%-ით შეგვიმცირებს სარემონტო ხარჯებს, რადგან დაზიანების შემთხვევაში მარტო ქვედა ნაწილს დასჭირდება რესტავრაცია;
- კედლის ქვედა ნაწილში გამოვიყენოთ დამცავი პანელები. მართალია ხარჯი თავიდან მეტი გექნებათ, თუმცა სარემონტო სამუშაოებზე დაზოგავთ ფინანსებსაც და დროსაც.
- იატაკი: კორიდორში რბილ იატაკს ალტერნატივა არ აქვს: ახშობს სტუმრებისა და პერსონალის ფეხის ხმას. თუ მარტივ ხრიკს მიმართავთ და რბილი იატაკის დიზაინს შეარჩევთ ინტენსიური დიზაინით – შუა ნაწილში დეკორით – სტუმრებს ქვეცნობიერად მივუთითებთ კორიდორის შუაში სიარულისკენ, ეს კი კედლებს დაიცავს დაზიანებისგან. იატაკის ცვეთაც ნაკლებად შესამჩნევია დეკორის ფონზე;
განათება: სასტუმროს კორიდოს არ სჭირდება მკვეთრი განათება.
- გამოიყენეთ პოპულარული ლედ ლენტები ჭერის კარნიზთან და იატაკის პლინტუსთან ერთად;
- საკმარისია გაანათოთ მიმართულება, და არა მთლიანად კორიდორი; ლედ ლენტის პლინტუსთან ერთად გამოყენებით სტუმრებს ქვეცნობიერად მივუთიტებთ კორიდორის შუაში სიარულისკენ, ესეც კედლებს დაიცავს დაზიანებისგან;
- მქრალი ნათება მალავს კედლისა და რბილი იატაკის დეფექტებს და უფრო საინტერესოს ხდის ინტერიერს;
დეკორი: კორიდორი მოსაწყენ გზად რომ არ გადაიქცეს, გამოიყენეთ არამსხვრევადი დეკორატიული ელემენტები – იქნება ეს განსხვავებული ჩანართები კელდებზე, ნუმერაცია თუ სადგამები.
გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები ახალი პროექტის დაგეგმვისა თუ ძველის რესტავრაციისას – ცვლილებები არასდროს არის გვიანი!